English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
განათლება და მეცნიერება – სამხრეთ კორეის ადამიანისეული კაპიტალის განვითარების პრიორიტეტები

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია განათლებისა და მეცნიერების განვითარების როლი სამხრეთ კორეაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესში. ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული ეტაპების შესაბამისად, მასში ნაჩვენებია განათლების სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, რამაც უზრუნველყო ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც სრულად პასუხობენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის სტანდარტებს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ფუნდამენტური სამეცნერო კვლევების გაღრმავების, საინჟინრო-საკონსტრუქტორო სამუშაოების გაფართოების მძლავრ სახელმწიფო მხარდაჭერაზე, მის ორგანიზაციულ-ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

საკვანძო სიტყვები: განათლების სისტემა, მეცნიერება, ინვესტიციები, კვლევის შედეგები, კვალიფიციური სპეციალისტები.

* * *

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ კორეამ ისეთ ეკონომიკაზე განახორციელა უსწრაფესი გადასვლა, რომლის განვითარების ძირითადი ფაქტორებია ცოდნა და ადამიანისეული კაპიტალი. ასეთი ეკონომიკის განვითარება ეფუძნება ადამიანისეული კაპიტალის ზრდასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, ცხოვრების დონის ამაღლებას, უახლესი ტექნოლოგიების, მაღალხარისხოვანი მომსახურების ცოდნის წარმოებასა და მისი განვითარების სრულყოფას.

აზიის 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კორეის მთავრობამ დაამუშავა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკის სტაბილიზებას და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ კლასტერებად დაყოფას, თითოეული მათგანის განსაზღვრული სახის საქონლისა და მომსახურების დამუშავებასა და წარმოებაზე Pპასუხისმგებლობას. ეს პროგრამა საფუძვლად დაედო ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების ახალ სტრატეგიას, რომლის ჩარჩოებში შეიქმნა რეგიონული ინოვაციების საბჭო, რომელიც შედგება ცალკეული პროვინციების საწარმოების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და არასამთავრობო კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭო ამუშავებს საქმიანობის ღონისძიებათა სტრატეგიას და პროგრამას რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ადგილებზე მუდმივად აწყობს ინოვაციების ბაზრობებს, რაც ხელს უწყობს უახლესი ცოდნისა და იდეების ურთიერთგაცვლასა და გავრცელებას, მაღალი კულტურისა და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ სტრატეგიის თავისებურება ისაა, რომ რეგიონების ინოვაციური პოტენციალის გაფართოება ხორციელდება ლოკალური უმაღლესი სასწავლებლების ინოვაციური პოტენციალის კონკურენტუნარიანობის განმტკიცების ხარჯზე. კორეაში უმაღლესი სასწავლებლები წარმოების საკუთარი ბაზის ფორმირების მნიშვნელოვანი წყაროა, რის გამოც ქვეყანაში სათანადოდ ხორციელდება უმაღლესი სასწავლებლებისა და სამრეწველო საწარმოების თანამშრომლობის წახალისება. გარდა ამისა, ხდება ადგილობრივი მცხოვრებლების მიმაგრება უმაღლეს სასწავლებლებზე, რითაც მიიღწევა მათი უწყვეტი სწავლება სოფლად ინოვაციების განვითარებისათვის. რეგიონული განვითარება ეფუძნება იმას, რომ თითოეული მათგანი უნდა ეყრდნობოდეს მის ხელთ არსებულ რესურსებს და ადგილობრივი თავისებურებებით განპირობებულ უპირატესობებს.

ახალ ეკონომიკაზე გადასვლის ყველა ეტაპზე, ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების პროცესში, სამხრეთკორეის მთავრობა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის პრობლემებს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა სამხრეთ კორეის ეკონომიკა თავის განვითარებას იწყებდა ნატურალური სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობიდან, განთლების ძირითადი ამოცანა იყო საყოველთაო დაწყებითი და საშუალო განათლების უზრუნველყოფა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ასეთი განათლების მიღება აუცილებელია გადამამუშვებელ მრეწველობაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისა და ასიმილაციისათვის. 90-იანი წლებიდან და, განსაკუთრებით კი 21-ე საუკუნეში, კორეაში იწყება ცალკეული დარგების სწრაფი განვითარება კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის სფეროში, რისთვისაც აუცილებელი გახდა ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება და სრულყოფა, რათა შეუფერხებლად განხორციელებულიყო როგორც საწარმოო, ისე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად სათანადო კვალიფიციური კადრების მომზადება. ეს აგრეთვე ნაკარნახევი იყო უცხოეთიდან მაღალი ტექნოლოგიების შემოდინებითა და მათ შესახებ ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელების აუცილებლობით.

სამხრეთ კორეამ განათლებისა და მეცნიერების განვითარების სფეროში ბევრი რამ ისწავლა იაპონიის მოწინავე გამოცდილებიდან და მის მიერ დაშვებული შეცდომებიდანაც. ცნობილია, რომ ამ მხრივ, იაპონიამ ლიდერობა დაკარგა უფრო მეტად იმის გამო, რომ ახალ ტექნოლოგიებს ძირითადად ყიდულობდა მსოფლიო ბაზარზე. მან ვერ შეძლო შეექმნა მათი საკუთარი წარმოება და, შესაბამისად, ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა ტექნიკური ინოვაციების მაღალი დონე.

ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დაბალი დონისა და ხარისხის პირობებში, ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ დარგებში არ იძლევა სათანადო უკუგებას. ამიტომ სამხრეთ კორეამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ინვესტიციების გაფართოებას ადამიანისეულ კაპიტალში, კერძოდ, მის საგანმანათლებლო ნაწილში, რამაც მას საშუალება მისცა შეექმნა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ახალ-ახალი ნიმუშები. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კორეაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებას საფუძვლად დაედო ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მაღალი კულტურა.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ განათლებას და მეცნიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებაში. ამჟამად კორეაში ფუნქციონირებს 408 უმაღლესი სასწავლებელი და კოლეჯი, სადაც განათლებას 3,5 მლნ სტუდენტი, რომელთა დიდი ნაწილი (32%) საინჟინრო პროფილითაა [6]. სტუდენტთა ხვედრიწონის მიხედვით სამხრეთ კორეას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ქვეყნის საუნივერსიტეტო განათლების მიზნები: ფართო დიაპაზონის თეორიებისა და სამეცნიერო ნაშრომების შესწავლის საფუძველზე პიროვნების აღზრდა და ფორმირება; საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისათვის მათი გამოყენების მეთოდების შემუშავება, ანუ ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის თეორიისა და პრაქტიკის ორგანული შერწყმა. ქვეყნის მაგისტრატურაში სწავლების მიზანია დამოუკიდებელი მუშაობის საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების გაღრმავებული შესწავლა. ჩვეულებრივ, მაგისტრატურაში დიდი ყურადღება ექცევა თეორიას, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში _ პრაქტიკის შესწავლას.

ქვეყნის უმსხვილესი უმაღლესი სასწავლებლები ამზადებენ მაღალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც სრულად პასუხობენ მსოფლიოს ყველა მაღალგანვითარებული ქვეყნის მოთხოვნებს. უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობას აქვს მძლავრი მატერიალური ბაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით, რაც იძლევა სტუდენტთა თვითრეალიზაციის მტკიცე გარანტიას. თვითონ განათლების კორეული სისტემა სრულად პასუხობს განათლების დასავლური სისტემის სტანდარტებს, რაც სათანადო ასახვას პოულობს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ურთიერთგაცვლისა და დასავლეთის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებში.

თავის მხრივ, საზღვარგარეთულ უმაღლეს სასწავლებლებთან სამხრეთკორეული უნივერსიტეტების მჭიდრო კავშირებმა და თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი და მნიშვნელოვნად გააფართოვა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ტალანტის გამოვლენა და განვითარება. ამ მიზნით კორეის უმაღლეს სასწავლებლებში მუშავდება სპეციალური პროგრამები პრინციპით: კომფორტული მატერიალურ-ტექნიკური პირობები, როგორიცაა მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, სპეციალური სტიპენდიების სისტემა, ყოფა-ცხოვრების მეგობრული და უსაფრთხო გარემო და ა.შ. სტუდენტთა ასეთი პრინციპით გაცვლა გამოიყენება მათი წარმატების მოტივაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

სამხრეთ კორეაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო სექტორი, ქვეყნის უმსხვილესი კორპორაციული გაერთიანებები. სამხრეთ კორეას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, , მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მხრივ ადგილი დაიმკვიდროს, მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების ხუთეულში. ამ მიმართულებით ქვეყანაში იგეგმება ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მეცნიერებისა და ტექნიკის ყველაზე მოწინავე დარგებში.
სახელმწიფო ყველანაირად ზრუნავს საგანმანათლებლო დაწესებულე¬ბების ფინანსურ დახმარებაზე. სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები სამხრეთ კორეაში არ იხდიან არავითარ გადასახადებს, არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები კი თავისუფლდებიან სასწავლო პროცესში რეინვესტირებული სახსრების გადასახადისგან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ეკონომიკის ზრდის წყაროს წარმოადგენს იაფი სამუშაო ძალა, რამდენადაც მილიონობით გლეხობა შედის ინდუსტრიულ ეკონომიკაში, წარმატების კორეული რეცეპტი კი განპირობებულია კერძო მეწარმეობით, ქვეყნის წამყვანი კორპორაციების ინოვაციური საქმიანობითა და პროდუქციის ხარისხით და არა იაფი სამუშაო ძალით. ამასთან ერთად, სამხრეთკორეული წარმატების მნიშვნელოვანი გარანტიაა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის სტაბილური, კარგად დაბალანსებული ურთიერთობა.

სათანადო გამოკვლევებით დასტურდება, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეროვნული შემოსავლების ზრდის 60% განპირობებულია განათლების დონის ამაღლებით. ამერიკელმა მეცნიერ-ეკონომისტებმა გამოთვალეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იმ მუშაკთა მიერ, რომელთაც თავიანთ განათლებაზე დახარჯეს 10,5, 12,5 და 14 წელი. აღმოჩნდა, რომ სწორედ მე-3 ჯგუფის მუშაკები აწარმოებენ მშპ-ს ნახევარზე მეტს [7]. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს განათლების უპირატესი დაფინანსების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების თეორიას. უმაღლესი განათლება არის ინვესტიცია ადამიანში, რომელიც ზრდის მის სამომავლო ხელფასს. სწორედ ამიტომ, სტუდენტები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ თავიანთ სწავლის დაფინანსებაში. ამითაცაა განპირობებული ის, რომ ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სასწავლო პროცესის სრულყოფას და ამ მიმართულებით სათანადო მოთხოვნებს უყენებენ უმაღლეს სასწავლებლებს.

კორეაში უმაღლესი განათლების დაფინანსების სტრუქტურაში სახელმწიფო დაფინანსების წილი მერყეობს 65-დან 90%-მდე. ამ მხრივ, მაღალი დონეა ავსტრიასა და იტალიაში, შედარებით დაბალი კი ჴ დიდ ბრიტანეთში, დანიაში, შვეციასა და ფინეთში. ამასთან, არსებობს უმაღლესი განათლების დაფინანსების სხვა წყაროებიც: სტუდენტთა სწავლის გადასახადი, კონტრაქტები, სამეცნიერო დამუშავებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა. სამხრეთ კორეის მთავრობა დაბეჯითებით და თანმიმდევრულად ატარებს ადამიანისეული კაპიტალის ზრდის მიმართულებით საჭირო ღონისეძიებებს, რათა ქვეყანა გადააქციოს მაღალკონკურენტუნარიანად მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისტორიულად მოკლე პერიოდში 1953-1961 წწ. სამოქალაქო ომით დანგრეულმა სამხრეთ კორეამ 2012 წელს შეძლო დაეკავებინა მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების დონის მიხედვით პირველი, ხოლო მშპ-ს მიხედვით ჴ მე-16 ადგილი [7].

სამხრეთ კორეაში ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევას, სამეცნიერო-ტექნიკური და საკონსტრუქტორო დამუშავების განვითარებას აქვს მძლავრი სახელმწიფო მხარდაჭერა, რის გამოც ამ მიმართულებით გაწეული საბიუჯეტო დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისათვის, 2008-2012 წწ. ასეთი დანახარჯები 2,4 მლრდ დოლარიდან 6,9 მლრდ დოლარამდე, ანუ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და საერთო ბიუჯეტის 1,9% შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით, სამხრეთკორეაში მეცნიერების განვითარების დანახარჯებმა შეადგინა 79,4 მლრდ დოლარი და ამ მაჩვენებლით იგი იმყოფებოდა მსოფლიოში მე-4 ადგილზე აშშ-ს (511,1 მლრდ), ჩინეთის (451,2 მლრდ), იაპონიის (168,6 მლრდ) და გერმანიის (118,5 მლრდ) შემდეგ, ხოლო წინ უსწრებდა საფრანგეთს (62,2 მლრდ), ინდოეთს (50,12 მლრდ), დიდ ბრიტანეთს (47,2 მლრდ აშშ დოლარი) [7]. სამხრეთ კორეა შედის მოწინავე განვითარებული ქვეყნების რიგში, რომელთაც აქვთ ასეთი დანახარჯების მაღალი მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. თუ 1970 წ. კორეაში იგი უდრიდა 0,4%-ს, 2012 წ. ჴ 3,7%, 2015 წ. მან შეადგინა 4,2%. ამასთან, მისი 2/3 მოდის კერძო სექტორის ასიგნებებზე. შეიცვალა ასეთი სამუშაოების ხასიათიც. თუ ადრე ჭარბობდა იმპორტული ტექნოლოგიების უბრალოდ დანერგვა და ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია, ამჯერად უფრო მეტად ქვეყანაში ხდება ინოვაციური დამუშავება, რამაც საგრძნობლად შეამცირა ტექნოლოგიების იმპორტის მოცულობა.

სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობა სისტემატურად ახორციელებს ღონისძიებებს განათლებისა და მეცნიერების მართვის სრულყოფის მიმართულებით. 1967-1988წწ. ქვეყნის მასშტაბით მეცნიერებისა და განათლების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებდა სპეციალური სამთავრობო განყოფილება, რომელსაც უფრო დაბალი დონე ჰქონდა, ვიდრე სამინისტროს მთავრობის შემადგენლობაში. 2008 წელს განათლების სამინისტრო და მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო გაერთიანდა განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის ერთ მძლავრ სამინისტროდ, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო გარდაიქმნა ცოდნის ეკონომიკის სამინისტროდ, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და გამოყენებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და მისი შედეგების პრაქტიკაში დანერგვას.

დასკვნა

საბოლოო დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა კლასიკური მაგალითია ქვეყნისა, რომელმაც ისტორიულად დროის უმოკლეს პერიოდში არნახულ წარმატებებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. მან ეს მოახერხა, ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციაზე დაყრდნობით, ეკონომიკის რადიკალური გარდაქმნების საფუძველზე, რაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა განათლების სისტემის პრიორიტეტულმა განვითარებამ და სრულყოფამ, ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო-საკონსტრუქტორო სამუშაოების გაღრმავება-გაფართოებამ და მისმა მძლავრმა სახელმწიფო მხარდაჭერამ. ყოველივე ამის შედეგად დასავლური სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაღრმავებისა და მისი შედეგების პრაქტიკული გამოყენების სფეროში კორეა დამსახურებულად იკავებს მოწინავე პოზიციებს მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. XI, თბ., 2018.
2. "მწვანე ეკონომიკის" ფორმირების თანამედროვე პრობლემები, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის 75 და ჟურნ. "ეკონომისტის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2019.
3. Бровко Н., Борбугулов М;, Опыт создания экономики знаний в Южной Корее, 2016. https://sovman.ru/article/5702/
4. Дятлов С., Основы теории человеческого капитала, М., 1994.
5. Как улучшить человеческий капитал, 2016. https://softblog.am/post/
6. Подходы к формированию человеческого капитала и опыт республики Корея, 2016. https://cyberlenika.ru/article/n/
7. Седальщев С. Инвестиции в человеческий капитал, 2016.
https://allbest.ru/otherrterats/economy/00208919_0.htin/